500 მილიონი ამერიკული დოლარი - ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობამ ამ ოდენობის ევროობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ტრანზაქციაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კიდევ ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებისთვის.
მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ტრანზაქციულ ოპერაციაში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 100-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო, რომელთა მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე, შეთავაზებულ ოდენობაზე გაცილებით მეტი იყო.
რაც უფრო ნაკლებია რისკი კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებაში, მით უფრო მაღალია ნდობა და დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან, ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან 2 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება განახორციელონ ფასიან ქაღალდებში, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ფისკალური პოლიტიკის მიმართ დაინტერესება და ნდობა მაღალია.
ქვეყნის ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტები, საქართველოს მიმართ გამოხატულ მაღალ რეპუტაციულ ნდობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საუბრობენ, მსოფლიო ფინანსურ ჰაბში - ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ქვეყნის წარმატებულ პოზიციონირებაზე და იმ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაბრუნება განსაზღვრავს.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, საქართველო მომავალში უფრო მეტად დაინტერესებული იქნება.