19 აგვისტო 2026,   22:37
ვრცლად
"მე განვსაზღვრე დიალოგის ჩარჩო ჩვენი დელეგაციისთვის, რომელიც მუდმივ კავშირზეა. აუცილებელია, რომ ომის დასრულებისა და სრული უსაფრთხოების მიღწევის სურვილი მხოლოდ უკრაინას არ ჰქონდეს" - ზელენსკი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს აბუ დაბიში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

"კომუნიკაცია მიეძღვნა რუსული ომის დასრულების პარამეტრებს და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკას, რომლის მიზანია ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა", - წერს უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში.

მოლაპარაკებები ორდღიანია, მხარეები დღესაც ისაუბრებენ. ამერიკას აბუ დაბიში სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. რუსულ დელეგაციაშია იური უშაკოვი და იგორ კოსტიუკოვი, უკრაინის მხრიდან კი ადგილზეა რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი და კორუფციაში ეჭვმიტანილი დავით არახამია.

"სამმხრივი შეხვედრის ფორმატი დიდი ხანია არ გამართულა. დელეგაციები განიხილავენ ომის დასრულების საკითხს. ამ დროისთვის, მათ რუსეთისგან მინიმუმ გარკვეული პასუხები მაინც უნდა ჰქონდეთ - მთავარი ის არის, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს ამ ომის დასასრულებლად, რომელიც თავადვე წამოიწყო. უკრაინის პოზიციები ნათელია. მე განვსაზღვრე დიალოგის ჩარჩო ჩვენი დელეგაციისთვის, რომელიც მუდმივ კავშირზეა. აუცილებელია, რომ ომის დასრულებისა და სრული უსაფრთხოების მიღწევის სურვილი მხოლოდ უკრაინას კი არ ჰქონდეს, არამედ მსგავსი სურვილი როგორმე რუსეთშიც გაჩნდეს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები