ოპოზიციას მორიგი დავალება უცხოური აგენტურისგან, მმართველი გუნდის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით აქვს. ნიკა გვარამიამ, რომელიც თავად ოკუპირებული აფხაზეთიდან არის, თქვა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს და ამ პრობლემის მოგვარების მაგალითად ნიკოლ ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი დათმო. სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასეთია ამ განცხადებაზე სახელისუფლებო პარტიის შეფასება.
გვარამიას განცხადებას დიპლომატ სალომე სამადაშვილის არადიპლომატიური საუბარი მოჰყვა აფხაზებთან შერიგების უპერსპექტივობაზე. ეს განცხადებები თავად სამადაშვილისა და გვარამიას ყოფილი თანაგუნდელებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა.
სააკაშვილის პარტიის მოქმედი წევრებისგან ყოფილების კრიტიკის არ სჯერა ოპოზიციის მეორე ნაწილს. გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ოკუპირებული აფხაზეთის დათმობისთვისაც კი მზად არის.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა. "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიცია სხვა ქვეყნების დავალებით ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელიც შერიგებას და ნდობის აღდგენას გულისხმობს.
ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებული პროვოკაციული გზავნილები ოპოზიციისგან უკვე ერთი თვეა ისმის. ამ პერიოდის განმავლობაში, მათი გამართლება მხოლოდ "ენჯეოებმა" სცადეს. "იემსის" დირექტორმა ნიკა გვარამიას განცხადებას კონფლიქტის მოგვარების რაციონალური მსჯელობაც კი უწოდა.