19 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. 

უწყება განმარტავს, რომ მას სატელეფონო ლიმიტი ამოწურული აქვს, ხოლო კვებასა და საბანკო ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებით პირობები კანონმდებლობის შესაბამისად აქვს უზრუნველყოფილი.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში. 

პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. 

მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა  დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც  შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები