დაპირისპირება ქსენოფობიურ ნიადაგზე - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ ეს გეგმა აქვთ მათ, ვინც მე-18 საუკუნეში რუსეთთან გაფორმებულ ტრაქტატს აქტუალობას არ უკარგავს, და ერეკლე მეორის ცივილიზაციური არჩევანის უგულებელყოფას ცდილობს. უმრავლესობის თქმით, ე.წ. ფსევდოლიბერალებს სათანადო პასუხი, საზოგადოებას კი მკაფიო განმარტებები სჭირდება რომ ყველასთვის და ყოველთვის უპირატესი, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა.
საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები რომ სხვა ქვეყნების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ამას ხელისუფლება 2008 წლის ომის მაგალითზეც აცხადებს. სააკაშვილის პარტიაში კი დღესაც ამტკიცებენ, რომ ყოველთვის საქართველოს ინტერესებით მოქმედებდნენ.
სახელმწიფოები პარტნიორებთან მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებენ - ქართული ოცნებიდან ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ფუნდამენტური პრინციპი, გეოპოლიტიკური ფაქტორების ცვლილების მიუხედავად, არ იცვლება. მათი თქმით, ოპოზიციას, განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობას", ეროვნულ პრიორიტეტებზე აპელირების მორალური უფლება არ აქვს.
რა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობებში, როდესაც ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს? - სწორედ საკითხის ისტორიული რაკურსით განმარტებას ეხებოდა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ერეკლე მეორის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც, როგორც დემოგრაფიული, ქრისტიანული და ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის გადადგმულ ნაბიჯზე.
პრემიერ-მინისტრის ამავე ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის უმთავრესი საქართველოს ინტერესების დაცვაა და სწორედ ამიტომ დაიწყო ქვეყანაზე ზეწოლის მორიგი ტალღა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ