20 აგვისტო 2026,   20:42
ვრცლად
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარგერს კრამსს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 19 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარგერს კრამსს - ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს

"სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ანა აბულაძეს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

ამავე დღეს, შედგა შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ანჯეის ვილუმსონსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი შეეხო ბალტიისა და კავკასიის რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის. ანა აბულაძემ გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ყველა შესაძლო მიმართულებით.

თავის მხრივ, ანჯეის ვილუმსონსმა დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები