კორუფციაში მხილებულმა და მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან ორ დღეში, ორი ურთიერთგამომრიცხავი წერილი გაავრცელა. დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დაკავებულმა, წერილის ავტორებად ჯერ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, შემდეგ კი მამუკა მდინარაძე.
ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დღეს ვიცე პრემიერმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
კორუფციაში მხილებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოქვეყნებულ წერილში იმ დანაშაულის ჩადენაც უარყო, რომელიც 8 თვის წინ თავად აღიარა.
საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაულის აღიარების შემდეგ 12 იანვარს გააფორმა, თუმცა მანამდე იყო სუსისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ოქროს ზოდები, ძვირადღირებული საათები, ნახატები, სამკაულები, დაახლოებით 7 მილიონამდე დოლარი - სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ის მტკიცებულებებია, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლიდანაა ამოღებული. ამის მიუხედავად მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გისოსებს მიღმა მისი მთავრობის არაერთი წევრი აღმოჩნდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 10 წლიან სასჯელს იხდის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. მსაჯულის ვერდიქტის მოლოდინშია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და მისი მოადგილე ლევან ახობაძე. გამოძიება სუს-ის ყოფილ უფროსს კორუფციასა და დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას ედავება. ლილუაშვილის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენება რომეო მიქაუტაძემაც მისცა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს 10 წლიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, მათი ყოფილი თანაგუნდელი ახლა თვითდაზიანების რეჟიმშია. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.
საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას საკუთარ წერილში ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სწორედ მისი ოჯახის წევრების მხრიდან სოციალურ ქსელში საპირისპირო შინაარსის არაერთი სტატუსი გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს.
რა მიზანი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და რას ემსახურებოდა გამოქვეყნებული წერილი? - ის რომ ყოფილი მაღალჩინოსანი და მისი მთავრობის წევრები კორუფციაში იყვნენ ჩართულები და სასჯელს სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდიან, ამას ღიად აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტებიც.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილების მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაციაა. "ქართული ოცნების" წევრები პატიმრის გზავნილების მიღმა სამართლებრივი საქმის პოლიტიზების მცდელობას ხედავენ.
5 წელი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა- ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელსაც კორუფციაში მხილებულმა დანაშაულის აღიარების შემდეგ თავად მოაწერა ხელი.
ავტორი: ნანა გოგატაძე