05 აგვისტო 2026,   19:56
ვრცლად
საქართველოს ისტორიული ადგილები, ზამთრის კურორტები და ტურისტული მომსახურებები - ქვეყნის პოტენციალს უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ისტორიული ადგილები, ზამთრის კურორტები და ტურისტული მომსახურებები - ჩვენი ქვეყნის პოტენციალს უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში 10-მდე კერძო კომპანია მონაწილეობს.

ქართული სტენდი უცხოელების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. აქცენტი ტურისტულ მარშრუტებზე კეთდება.

საერთაშორისო გამოფენას უტრეხტში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩიც ესწრებოდა. ბაჩო საგანელიძე ამბობს, რომ ბენილუქსის ქვეყნებიდან უცხოელი სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიარეისები ორ ქვეყანას შორის.

ქართული სტენდით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები შედგა პიარ ჯგუფების, მსხვილი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. მაია ომიაძის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანი საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.

4-დღიან გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. ადგილზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 750-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

დღის ამბები