"კამიტის" თემის ხელოვნურად გააქტიურების მცდელობა და გარედან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - ასე აფასებს მმართველი გუნდი აქციის მონაწილეების სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას და ვიდეო რგოლს, რომელშიც ისინი მათ მოწამვლაზე საუბრობენ და დასავლეთს საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ.
თბილისში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ფინანსური რესურსისა და გარე აქტორების კამპანიის მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ და მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, ეგრეთწოდებულ კამიტის თემას წერტილი დაუსვა, ახლა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ახალი აქტივობა დაგეგმეს. იმისთვის, რომ თემამ აქტუალობა არ დაკარგოს, დაიწყო მათივე დავალებით შექმნილი ფილმის პოპულარიზაცია. რომლის ჩვენებაზეც, იანვრის ბოლოს, საერთაშორისო მედიები მოიწვიეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის ცრუპენტელობა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
"ეს არის ცრუპენტელობა, არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. BBC-ის რეპუტაციაზე მე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოუსმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ნახავთ რეალურად რას დაემსგავსა დღეს ერთ დროს ავტორიტეტული ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. გვარამია ცდილობს თავის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კვლავ გააგრძელოს და ნამდვილად არ გაგვიკვირდება, რომ მართლაც ამ დიდი ცრუპენტელობის და ტყუილის კვლავ გაგრძელების უკან ისევ გვარამია და რადიკალები იდგნენ. ეს იმდენად თითიდან გამოწოვილი ამბავია და ისეთი ტყუილებით გაჯერებული, რომ რაც არ უნდა მედია საშუალებები ჩართონ მსოფლიოდან და ვინც არ უნდა მოახდინოს ამ რადიკალების დახმარება, ბუნებრივია ამ ტყუილს ვერავინ და არავინ დედამიწის ზურგზე არ დაიჯერებს. სიმართლე არის აბსოლუტურად სხვა და თუ კი ვინმეს სურს სიმართლის გაგება მტკიცებულებების დონეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის პრემიერ-მინისტრის განცხადება და შეუძლია ჩაიხედოს საქმეში, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.