05 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი, 3 პარალელური ხიდი და 2 სატრანსპორტო კვანძი - სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მაგისტრალი გაიხსნა

ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი, 3 პარალელური ხიდი და 2 სატრანსპორტო კვანძი - მძღოლები სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, ლანჩხუთი ლესას 8-კილომეტრიანი გზის გახსნას, პოზიტიურად შეხვდნენ. ავტომობილების მეპატრონეები ამბობენ, რომ ახალი მონაკვეთი მნიშვნელოვნად ამცირებს სამგზავრო დროს და ხარჯებს.

ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს გაწერილი გეგმა. რომელიც, უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას გულისხმობს.

სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილ 6 კილომეტრზე კი, დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა. ახლა გზის საფარის დაგება მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გურიის რეგიონში გადის და გვერდს უვლის როგორც ლანჩხუთის, ასევე, სოფლების - გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს.

რევაზ სოხაძესთან ერთად, პრემიერ-მინისტრი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს. მოეწყობა მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები,  სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახები, საკონფერენციო დარბაზი.

ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 70 ჰექტარ ტერიტორიაზე, პარკის გაშენებას გეგმავს.

რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკსაც. პროექტი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ახალი ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას ითვალისწინებს. პარკში მოეწყობა ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები და ამფითეატრი.

დღის ამბები