სწორედ ჩვენი ხელისუფლება, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც შეიტანა საკონსტიტუციო შესწორება, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალა, - ამის შესახებ, "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, "იგლ ჰილსის" პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლი და ბინა აშენდება გონიოსა და თბილისში.
"უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისთვის. მეორეს მხრივ მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლება, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც შეიტანა საკონსტიტუციო შესწორება, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალა.
ახლა მესამე, რაც შეეხება ამ პროექტს, როგორც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლი, ბინა აშენდება გონიოსა და თბილისში.
ჩვენ თუ თუნდაც ამ დაშვებით წავალთ, რაც გაჟღერდა მედიაში, რომ 60% გათვლილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოდი დავუშვათ, რომ ეს სადღაც რეალობად იქცეს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს არის მეტ-ნაკლებად გრძელვადიანი პროექტი, სამშენებლო სამუშაოებს დრო დასჭირდება, მოდი შევხედოთ 10 წლის პერსპექტივაში. დაახლოებით წელიწადში გამოდის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 3 000 რეალიზებული საცხოვრებელი ფართი.
მოდით, შევხედოთ ასევე გასული წლების სტატისტიკას და ჩვენ ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საშუალოდ 15 000 საცხოვრებელი ფართის რეალიზება ხდება. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ საგნობრივად არაფერი ცვლილება, განსხვავება ან დიდი ზრდა ამ ერთ წელში არ ხდება. ჩვენ ვთქვათ, რომ ამ პროექტმა შეიძლება რაიმე ბიძგი მისცეს არაჯანსაღ მიგრაციას. მეორეს მხრივ, დღესვე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამ პროექტს არავითარი განსხვავებული მიდგომა არ ექნება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არ გეგმავს, რომ რაიმე საშეღავათო ფორმით ამ ბინადრობის უფლება დაუკავშიროს მაგალითად საკუთრების ფლობას და ა.შ. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული, ერთი მხრივ, დეველოპერული პროექტი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რადგან ეს არის ფაქტობრივად ორი ახალი დანიშნულების ადგილი, რომელიც ბევრად უფრო დიდ ღირებულებას შექმნის ჩვენი ქვეყნის ტურისტული დეველოპერული სექტორისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.