მმართველ გუნდში ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებაზე საუბრობენ. სახელისუფლებო პარტიისთვის გაუგებარია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი.
საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს კონგრესის თანამომხსენებლებმა, ბერნდ ფორინგენმა და სტიუარტ დიკსონმა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი გააკრიტიკეს და მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს. ეს ქმედება "ქართულ ოცნებაში" ევრობიუროკრატების მხრიდან საერთაშორისო კონვენციის პრინციპების დარღვევად შეაფასეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი", ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ამერიკის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია – საერთაშორისო სამართლის სფეროში მოქმედი ყველა ავტორიტეტული ინსტიტუცია, საკუთარი უფლებების დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას აბსოლუტურ კატეგორიაში განიხილავს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაშიც ეს პირდაპირ წერია.
დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპების უპირატესობას აღიარებენ თავად ის პარტიები, რომელთა აკრძალვის მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ევროპის საბჭოს წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ.
რამდენად დემოკრატიულია კრიტიკა ევროპული კონვენციების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – სასამართლოსთვის მიმართვის უფლების – გამოყენების გამო? სახელისუფლებო გუნდი ევროპის მხრიდან ზეწოლის მორიგ მცდელობაზე საუბრობს.
თბილისში საუბრობენ ევრობიუროკრატების მხრიდან საკუთარი ინტერესებისთვის ევროპული კონვენციის სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველო დემოკრატიული პრინციპებით მოქმედებს, რაც ნებისმიერ მხარეს აძლევს უფლებას, მიმართოს სასამართლოს.
"ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორი დღის წინ შევიდა.