მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაჯამა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებული ტემპის გათვალისწინებით, სავალუტო ფონდის პროგნოზი – 7.2 პროცენტი, გადაჭარბებით შესრულდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეკონომიკური ზრდა ვალუტის კურსის სიმყარის მთავარი გარანტიაა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც გამოაქვეყნა. ცხრა თვის საშუალო მონაცემებთან ერთად, საქსტატმა სექტემბრის მაჩვენებელიც გაასაჯაროვა – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის ზრდას განაპირობებს დარგების დივერსიფიცირება, ექსპორტის მოცულობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული ტენდენციების შენარჩუნებაა.
პირველი სამი კვარტლის შედეგების დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.