19 ივნისი 2026,   13:24
ვრცლად
20-დღიანი მშვიდობა დასრულდა - ღაზის სექტორი კვლავ საბრძოლო პოლიგონადაა ქცეული

20-დღიანი მშვიდობა დასრულდა. ღაზის სექტორი კვლავ საბრძოლო პოლიგონადაა ქცეული. მთელი ღამის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო დარტყმების სამიზნე ქალაქი ღაზა იყო, სადაც დაკარგულებს ნანგრევებში უშედეგოდ ამ დრომდე ეძებენ.

ღაზის სექტორში აფეთქებას და ნგრევას სულ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ნაწილი ქალაქ ხან იუნისში ცხოვრობდა, სადაც ვითარება ახლაც რთულია. საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ვისი გადარჩენაც მოხერხდა, მთელი ღამის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ადგილიდან გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

დარღვეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე და ღამით განხორციელებულ თავდასხმაზე კომენტარი უკვე გაკეთდა ისრაელში. ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პრესსპიკერი მომხდარში "ჰამასს" ადანაშაულებს, ამბობს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ჯერ ისრაელელი სამხედრო მოკლა, ხოლო შემდეგ - ტყვეების ცხედრები არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ დააბრუნა - რის გამოც "ცაჰალს" საპასუხო ღონისძიების გატარება, ანუ ღაზის მიმართულებით კვლავ ცეცხლის გახსნა მოუწია.

ისრაელს არ ამართლებს, თუმცა არც ამტყუნებს მთავარი მომლაპარაკებელი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, დღეს, აზიიდან ილაპარაკა.

ომი ახლო აღმოსავლეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელელი მძევლების აყვანისა და ტერორისტული აქტის ორგანიზების შემდეგ დაიწყო. წელს, კი, რამდენიმე დღის წინ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელმა ღაზის სექტორიდან - სამხედრო ტექნიკაც გაიყვანა, თუმცა გუშინ ვითარება კვლავ დაიძაბა. "ცაჰლმა" "ჰამასს" შეუტია, ღაზის სექტორში კი ხანმოკლე მშვიდობა კვლავ ომმა ჩაანაცვლა.

დღის ამბები