19 აგვისტო 2026,   23:12
ვრცლად
"საუბარია მოქალაქეებისთვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაზე" - "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომელიც პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა

მმართველი გუნდის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შედის. უახლოეს პერიოდში, სასამართლოს პარლამენტი გაუგზავნის დოკუმენტს, რომელშიც იქნება მოთხოვნა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ.

სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ პარტიებთან ერთად პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ კონკრეტულ პირებსაც.

საკითხზე შეფასებები გააკეთეს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პარტია "ლელო" აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

"ეს სამართლებრივი ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის პროცესში, საქართველოს ყველა მოქალაქემ გაითავისოს, რომ აქ არ არის რომელიმე პარტიებისთვის რაღაც საქმიანობის აკრძალვაზე ლაპარაკი, არამედ, აქ არის საუბარი საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაზე," - აცხადებს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.

საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მომავალ ნებისმიერ არჩევნებს აზრს დაუკარგავს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასი ათასობით ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს დაუკარგავს აზრს. დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში არის არაკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები