სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთის 3 მოქალაქე რადიოაქტიური ნივთიერების შეძენის მცდელობისას დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ამოღებული ბირთვული მასალა და ურანის იდენტიფიკატორი. საუბარია 2 კილოგრამ ურანზე. სუს-ის ინფორმაციით, გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ნივთიერების შეძენით დაინტერესებული ექსპერტები საქართველოში ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით ბირთვული მასალის მოძიება დაიწყო.
გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულები ურანის შეძენას თბილისში 400 000 დოლარად გეგმავდნენ. სქემის მიხედვით, მარშრუტი ასეთი იყო: დაკავებულებს უკანონო ტვირთი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის გავლით ჩინეთში უნდა ჩაეტანათ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით სურდათ ჩინეთის მოქალაქეებს ურანის სამშობლოში ჩატანა.
საქმეში არსებული მასალები ბრალდებულების ადვოკატებს უკვე გადაეცათ. დაცვის მხარე ამბობს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, პროცესს კოორდინაციას ჩინეთიდან უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. თბილისსა და ბათუმში უკვე გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიც.
რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ სამივე დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. უწყება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
2 კილოგრამი ურანის შეძენის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამივე დაკავებული ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.