ბოლო 4 წელიწადში ათჯერ გაზრდილი ბრუნვა, დასაქმებულთა გაოთხმაგებული რაოდენობა და სამჯერ მაღალი საშუალო ანაზღაურება - საქართველოს ეკონომიკაში აიტი სექტორის წილი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სფეროს საექსპორტო მოცულობა 7 პროცენტია.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება. ცენტრი, რომელიც მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს წარმოადგენს, რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს. ახალი აიტი სპეციალისტების გადამზადების მნიშვნელობაზე საუბრობენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
დღეს არსებული საგადასახადო შეღავათებიდან გამომდინარე, 5 პროცენტიანი მოგებით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსით საქართველოში 170-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამებით 4 000 სამუშაო ადგილია შექმნილი. მაჩვენებლების მიხედვით, სექტორმა საქართველოს ეკონომიკას, 700 მილიონიანი ფინანსური მოგება მოუტანა.
აიტი მიმართულებით ცვლილებები შევიდა ბინადრობის მოპოვების წესშიც, რაც იმ უცხოელ მეწარმეებს ეხებათ, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. ისინი ბინადრობის უფლების მოპოვებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 ათას დოლარზე ნაკლები არ იქნება. ნებართვა კი სამი წლის ვადით გაიცემა.