ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს სამართალდამცველების მისამართით ძალადობრივი აქციის მონაწილე საბა კორძაია ისვრის. პირდაპირ ეთერში გასულ კადრებში ჩანს, რომ კორძაია მარტო არ არის, მასთან ერთად სხვებიც იმყოფებიან და კოორდინირებულად მოქმედებენ. სამიზნე კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან.
კიდევ ერთი კადრები კი სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილების სროლამდეა გადაღებული და მათ მომზადებას ასახავს. ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანთებიდან გაურკვეველ პარკებს იღებენ და სხვა ადგილას გადადიან.
აქციის მონაწილე, რომელიც პოლიციელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, კობა ეპიტაშვილია. სახელმწიფო ბრალდების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის სამართალდამცველს ხელს ურტყამს.
ერთ-ერთი, ვინც საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობეს განზრახ აზიანებდა, მამუკა ლაგუჩიძეა. ლაგუჩიძე პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს. ძირითად, ის სხვა აქტივისტებთან ერთად, რკინის ღობის მოგლეჯას ცდილობს. ამ კადრების მიუხედავად, ბრალდებული ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას არ აღიარებს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას არ აღიარებს არც გოჩა ყატაშვილი. პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს ძალადობრივი აქციის კიდევ ერთ მონაწილე, ნიკა გვენცაძე, რომელიც კადრების მიხედვით საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობეს აზიანებს.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა - ბრალის ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ დღეს კიდევ 12 პირს გააცნო. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ, საპრეზიდენტო რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს. დააზიანეს ორბელიანის სასახლის ღობე, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, მათზე იძალადეს და ესროლეს ე.წ მოლოტოვის კოქტეილი.
ბრალის ოფიციალური დადგენილება გააცნეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ნანა სანდერსაც, რომელიც ვერ შემდგარი რევოლუციის მონაწილეებისთვის ფულს აგროვებდა, რათა საჭირო ეკიპირება ეყიდება. მართავდა ძალადობრივი მოწოდებების შემცველ ონლაინ შეხვედრებსაც.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნანა სანდერი ახლა სხვა დაკავებულებთან ერთად, სასამართლოს მოლოდინშია. სახელმწიფო ბრალდება ყველა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების უმკაცრეს ზომას - პატიმრობას ითხოვს.
დაკავების მორიგი სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ხელბორკილები 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილე კიდევ 12 პირს დაადეს.
ამ ბრიფინგიდან რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ჯამში განსასჯელის სკამზე ვერ შემდგარი რევოლუციის 36 მონაწილე ზის. 9 ტომიანი საქმის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესიც.
ავტორი: ნანა გოგატაძე