22 აგვისტო 2026,   21:38
ვრცლად
მარტვილში არალეგალურ ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ.თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი.

უწყების ცნობით, მეწარმე სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა საქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები