მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორმა სტრასბურგის სასამართლოს "ფარას" ქართული ანალოგის წინააღმდეგ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება მიზანმიმართულად არ მოსთხოვა. საუბარია 6 ორგანიზაციის სარჩელზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ დაარეგისტრირა. მესამე სექტორი "ფარას" ქართული ვერსიის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძვის. თუმცა, საქმის არსებითი განხილვის პროცესში წინასწარ აღსრულების მექანიზმის გამოყენებას არ ითხოვს.
მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელე "ენჯეობმა" დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მათი კოლეგების აზრით, აღსრულების მექანიზმის დროებითი შეჩერების მოთხოვნა სამართლებრივი ნიუანსია, რომელიც თვისებრივად არაფერს ცვლის.
მათი პოზიცია, ვინც სტრასბურგში ჩივის და დღეს მედიასთან არ გამოჩნდა, ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ კანონის დროებით შეჩერების მოთხოვნა ტექნიკური ნიუანსია, სასამართლოს მხრიდან სარჩელის დარეგისტრირება კი - მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი.
ოპოზიციასა და მესამე სექტორს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში, დღეს, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არასამთავრობოების იდენტური ქმედებაც გაიხსენეს. თქვეს, რომ ოპონენტები ხშირად დემოკრატიის რეგრესად აფასებენ კანონმდებლობას, რომელიც, რეალურად, დასავლური სტანდარტების იდენტურია.
6 არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ორი დღის წინ დაარეგისტრირა. "ენჯეოები" ევროპულ სასამართლოში "ფარას" ქართული ანალოგის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შეუსაბამობის დამტკიცებას გეგმავენ. თუმცა, პროცესში კანონის დროებით დაპაუზებას არ მოითხოვენ.