23 გარდაცვლილი, მათ შორის, ოთხი ბავშვი. 53 დაშავებული. მინიმუმ 225 დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანებული საბავშვო ბაღები, ავტოფარეხები, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები. ასეთი დანაკარგები მოყვა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასობრივ იერიშს. რუსულმა მხარემ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით, 28 აგვისტოს, 600 დრონი და 31 რაკეტა გაუშვა. სარაკეტო დარტყმების ადგილას სამაშველო სამუშაოები დასრულდა. თუმცა, გრძელდება დანგრეული შენობების გასუფთავება. 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მშვიდობის მისაღწევად და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, ევროპელი ლიდერები კვლავ გზებს ეძებენ. "პოლიტიკო" წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რუსეთსა და უკრაინას შორის 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა განიხილება. განხილვის საგანია ასევე, პატრულირებისთვის საჭირო სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაც. "პოლიტიკოს" ცნობით, ოფიციალური პირები ბუფერულ ზონაში 4 000-დან 60 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე საუბრობენ. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, მიიღებს თუ არა კიევი ამ გეგმას, რადგან მას, სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობებიც მოჰყვება. კვლავ ღიაა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის საკითხი. მეტიც, გერმანიის კანცლერმა მერცმა, რომელმაც უკრაინის ომის საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართა მოლაპარაკებები, განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.
ბუფერული ზონის შექმნის შესახებ დისკუსიებში არ მონაწილეობს აშშ, რომლის პრეზიდენტი თეთრი სახლის პრესსპიკერის განმარტებით - შექმნილი ვითარების მონიტორინგს განაგრძობს. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $825 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალის მიყიდვა დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს 3350 ერთეული შორი რადიუსის ფრთოსან რაკეტას, 3000 სამხედრო სანავიგაციო სისტემას, სამხედრო დანიშნულების სათადარიგო ნაწილებს, ბრძოლისა და წვრთნებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. უკრაინა სამხედრო პაკეტს დანიის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მთავრობების ფინანსურ მხარდაჭერით შეიძენს.
რუსეთის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა, კარგად უნდა იყოს ორგანიზებული - პუტინის პოზიცია მისმა პრესმდივანმა გაახმოვანა. პესკოვის განმარტებით, ოფიციალური მოსკოვის პოზიცია კიევისთვის კარგად არის ცნობილი.
დღის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებისთვის მზად არის. შექმნილ ვითარებაში, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც მისივე სიტყვებით, ნატო-ს მხრიდან სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უზრუნველყოფს. ზელენსკიმ ბუფერულ ზონაზე არსებულ შეთავაზებასაც უპასუხა და თქვა, რომ მსგავს წინადადებებს მხოლოდ მათგან ისმენს, ვინც ომის ტექნოლოგიურ მხარეს არ იცნობს, რადგან ახლა ომში მყოფი ქვეყნების მძიმე შეიარაღება ერთმანეთის პირისპირ - დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში იმყოფება და ბრძოლის ველზე ძირითად დარტყმებს დრონები ახორციელებენ. მკვდარი, თუ ბუფერული ზონა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე არსებობს.