ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. ამ შეფასებით, საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ინდექსი პოლიტიკური შეფასებების საგანია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ ანგარიშში მოყვანილი მონაცემები იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო ევროკავშირში მყოფ სასამართლოებს შორის ლიდერია.
"იქ არ წერია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, იქ წერია, რომ 2013 წლიდან 2025 წლამდე, საქართველოს სასამართლომ რამხელა პროგრესი განავითარა და ამ პროგრესის მიხედვით არის ის მოწინავე ქვეყნებში დასახელებული. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სასამართლო ევროკავშირში მყოფ სასამართლოებს შორის ლიდერია", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშზე მნიშვნელოვანი ის არის, რას ხედავს ხალხი.
"რეალობა რა არის ქვეყანაში და რას ხედავს ხალხი - ეს არის მთავარი. ქართულ სასამართლოს როგორ შეიძლება მაღალი შეფასება მიეცეს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.