20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში დღეს მონაწილეობა მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა. მათ გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულება, დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.
ჟურნალისტებთან თავის შემთხვევაზე ისაუბრა ოპერატორმა, ილია სამურგანიდმა. მისი თქმით, 20 ივნის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მიიღო დაზიანება.
"ვაშუქებდი აქციას, რა დროსაც, 9 აპრილის მემორიალთან, მომხვდა ტყვია. რამდენიმე წამის შემდეგ გავაგრძელე მუშაობა და აღმოჩნდა, რომ გამიწითლდა მაისური. ძალიან კარგია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ცუდია, რომ გვიან.
ყველა კმაყოფილი ვიქნებით, მათ შორის, თქვენც და საზოგადოება, თუ ვინმე მსგავსი პიროვნება იქნება დაჭერილი, ან პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა ილია სამურგანიდმა.
პაპუნა კერესელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დაზარალებულების ჩართულობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულების მონაწილეობით, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტები, უშალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო კრიმინალისტური დეპარტამენტის, ექსპერტ-კრიმინალისტების, თბილისის პროკურატურის გამომძიებლების და უშუალოდ დაზარალებულების მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს დანაშაულის სრული სურათის აღდგენას და დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას", - განაცხადა პაპუნა კერესელიძემ.