ის, რაც შტატებში პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა თბილისში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება დასტურია იმ არაფორმალური გავლენების, რაზეც თავად დიდი ხანია საუბრობს.
"Deep state გლობალური ომის პარტიას დაარქვა თავად ამერიკის პრეზიდენტმა. დღემდე ეს სახელწოდება აქვს იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც იბრძვიან ეროვნული ღირებულებები წინააღმდეგ, მათ შორის ებრძვიან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ბუნებრივია, "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები რომ ტრამპს დაუპირისპირდნენ და მისი საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ, ეს არის მათი "სიმართლე." ხელწერა ერთი და იგივეა ყველგან, იმიტომ, რომ ერთი ხელმძღვანელობა ჰყავს Deep state-ს, იგივე გლობალური ომის პარტიას და ბოლო წლებში ეს ნარატივი განავითარეს, თუ ვინმე დაიცავს ეროვნულ ღირებულებას არის "რუსეთუმე," თუ ვინმე სარწმუნოებაზე ისაუბრებს, ეს მომდინარეობს რუსეთიდან. თუ ვინმე დამარცხდება არჩევნებში, დააბრალებენ რუსეთს. დღეს ერთგვარი სტიგმაა, რომ "რუსეთუმეობა" მიაწებონ მათ მოწინააღმდეგეს," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ტულსი გაბარდმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს "დიფ სთეითის" წინააღმდეგობა. მან ამავე ეთერით ისაუბრა მიმდინარე გამოძიებაზე. როგორც მოქმედი პრეზიდენტის გუნდის წევრი აცხადებს, ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა. მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა.