გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, შესანიშნავი მდგრადობა - ეკონომიკის ძლიერი ზრდით, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არსებული ინფლაციით და სახელმწიფო ვალის ზომიერი დონით - ასე აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დადებითი ტენდენციები, გონივრული მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, შენარჩუნდება.
წლიური ეკონომიკური ზრდა - 9 პროცენტის ფარგლებში, ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულთან - 3 პროცენტთან ახლოს, სახელმწიფო ვალის 36 პროცენტამდე შემცირება - სავალუტო ფონდის შეფასებით, ეს მაჩვენებლები სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ანგარიშში საუბარია პანდემიით გამოწვეული შოკების ეფექტურ დაძლევაზე, კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარებაზე და ტრანზიტულ ვაჭრობაზე.
სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებაში ეროვნული ბანკის წვლილზეც წერს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება სებ-ის მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ლარის გაცვლითი კურსის სიმყარემ განაპირობა. ნათქვამია, რომ რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ფინანსური სექტორი საქართველოში მყარია და ამ მიმართულებით რეფორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა უკვე არსებული მდგრადობის გასაძლიერებლად.
შეფასების დოკუმენტში საუბარია რისკებზეც. მაგალითად, უკრაინაში ომის დასრულებამ, შესაძლოა, მიგრაციითა და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული სარგებელი შეამციროს, მაგრამ რეგიონული სტაბილურობა და აღდგენის ზრდა ამ საკითხის კომპენსირებას მოახდენს. სწორედ არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ექსპერტები.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ადასტურებს, თუ რატომ უნდა მიჰყვე ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ფონდის დასკვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სიტყვებით, "სიხარულზე მეტი ბრაზის საფუძველია, როცა აცნობიერებ, რომ ქვეყანა გაცილებით მეტს მიაღწევდა, რომ არა საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები, დონორების ნაკვები სიძულვილი, ექსტრემიზმი, გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები".