19 აგვისტო 2026,   16:41
ვრცლად
პოლიტსაბჭოს განცხადება - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ომში ჩართვას "დიფ სთეითი" ბაიდენის ადმინისტრაციის ნაცვლად, ახლა უკვე მთლიანად ევროპელი ბიუროკრატების ხელით ცდილობს

პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლას გლობალური ძალები იმავე მიზნის მისაღწევად ცდილობენ, რაც უკვე სამი წელია დღის წესრიგიდან არ იხსნება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ომში ჩართვას "დიფ სთეითი" ბაიდენის ადმინისტრაციის ნაცვლად, ახლა უკვე მთლიანად ევროპელი ბიუროკრატების ხელით ცდილობს.

განმარტავს, რომ სწორედ ამას უკავშირდება ბოლო დროს, ბრიუსელის გააქტიურება და მუქარაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ირაკლი კობახიძის თქმით, გათვლა საზოგადოების სახელმწიფოსთან დაპირისპირებასა და შედეგად, ხელისუფლების შეცვლაზე კეთდება.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ანგარიშვალდებულებად მიიჩნევენ, საზოგადოებას უთხრან - რა ფარული მიზნები დგას ბრიუსელის მოთხოვნების უკან. ამბობენ, რომ სიმართლით ინფორმირება არის პრევენცია, რომ ამომრჩეველი არ აყვეს ევროპელი ბიუროკრატების შანტაჟსა და გლობალურ პოლიტიკურ პროვოკაციებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის ნაბიჯები, რასაც დღეს ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით დგამს, არა შანტაჟი, არამედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებია. ოპოზიციაში მეორე ფრონტის საკითხს ისევ გამოგონილ თემას უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ომის საფრთხეები არ არსებობს.

ოპონენტების პოზიცია უმრავლესობაში არ უკვირთ. მათი თქმით, სწორედ ოპოზიციური ძალებით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ჩანაცვლება, იმისთვის, რომ სისრულეში მოვიდეს "დიფ სთეითის" გეგმა - საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი ოპონენტებს იმ გეოპოლიტიკურ პროცესებზეც მიუთითებს, რომელიც მათივე თქმით, უკრაინაში ომის გახანგრძლივებაზე მიანიშნებს.

პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაიწყო და ამ პროცესში პირდაპირ იყო ჩართული ბაიდენის ადმინისტრაცია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაშინ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა გარდა ერთისა - არ გახსნა მეორე ფრონტი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რის გამოც, გლობალური ომის პარტია, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის მიზნით, საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ უსაფუძვლო გადაწყვეტილებას იღებდა.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს პარტიის თავმჯდომარის სახელით წარადგინა.

 

 

დღის ამბები