09 ივნისი 2026,   02:34
ვრცლად
ნარკოტიკების რეალიზაციის ჩაშლილი გეგმა და 34 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის 34 პირია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ხელბორკილები ქალებსაც დაადეს.

სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 40-მდე მისამართზე ერთდროულად შევიდნენ. სამართალდამცველები, ნარკოდანაშაულში მხილებული პირების სახლებთან გამთენიისას მობილიზდნენ.

დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები. გაშიფრულია სქემაც, რომლითაც ისინი ნარკოტიკის გასაღებას აპირებდნენ. ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ღამის კლუბებში და გასართობ ობიექტებზე უახლოეს დღეებში უნდა გაეყიდათ. იყენებდნენ ინტერნეტ აპლიკაციებს. ნარკორეალიზატორების გეგემა ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებამ ჩაშალა. უკვე სარეალიზაციოდ გამზადებული - "ჰეროინი", "მეთადონი", "ალფა პვპ", "სუბოქსინი", სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული იმ ადგილებიდან, სადაც ნარკორეალიზატორებს კლიენტისთვის ე.წ. ფაქტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. სპეციალური სამალავები პოლიციას თავად დაკავებულებმა უჩვენეს.

დაკავებულების უმეტესობა ე.წ. დადების ან ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით მოქმედებდა. დანაშაულის ამსახველი კადრები, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ფარული ჩანაწერები 34 პირის დაკავებამდეა გადაღებული. სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საკონტროლო შესყიდვის კადრებში ნაჩვენები პირები, გამოძიების ინფორმაციით, უკვე დაკავებულები არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

საპოლიციო ღონისძიებები გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. მათ შორის, სპეცოპერაციის ეპიცენტრი იყო ფონიჭალის დასახლება. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ საკუთარი სახლიდან 31 წლის მამაკაცი აიყვანა. თურალ გუსეინი ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდა, ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი, ნარკოდანაშაულისთვის უკვე ნასამართლევი იყო.

ფონიჭალაში, სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი. ოჯახის წევრებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ. ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ადგილობრივებიც არაფერს ამბობენ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ნარკოდანაშაულის საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს.

რა მტკიცებულებები დევს ნარკოდანაშაულის საქმეში - დეტალებზე დაკავებულების ადვოკატებს ჯერ საუბარი არ სურთ.

ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 34 პირია დაკავებული, ეს რიცხვი უახლეს დღეებში, სავარაუდოდ, გაიზრდება. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. გეკა გელაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულების სასჯელი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები