ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი მტკიცებულებებს მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან ითხოვს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებია, სადაც დღესაც ამტკიცებენ, რომ "ლელოს" ლიდერი კოლეგა ოპოზიციონერებს ფულს სთავაზობდა, რომ მისი პარტია არ გაეკრიტიკებინათ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის და ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" "ფეისბუქ" ლაივში ანა წითლიძემ და ლევან სანიკიძემ მამუკა ხაზარაძე სასარგებლო ეთერებისთვის ფულის გადახდაში დაადანაშაულეს.
ანა წითლიძის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოპოზიციაში პოლიტიკური კორუფციის დასტურია. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებაც მათი უცხოელი მხარდამჭერების გეგმის ნაწილია - რომ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებების" ნაცვლად, პოლიტიკურ ველზე წინ "ლელო" და გახარიას პარტია წამოწიონ და ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ.
ოპოზიციურ ველზე არსებულ დაპირისპირებაში შესვლა არ სურს გახარიას. მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა მათთვის უმნიშვნელოა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.
სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას საერთო მიზანი აქვს - ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა. პარალელურად, დეპუტატების თქმით, ოპოზიციის უცხოელი მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგს ცდილობენ.
ოპოზიციაში განხეთქილება თვითმმართველობის თარიღის მოახლოებასთან ერთად ღრმავდება. 4 ბარიერგადალახული პარტია 2 გუნდად გაიყო - ორმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ორმა კი - ბოიკოტში დარჩენა.