08 ივლისი 2025,   09:12
ვრცლად
"ბაიადერა" - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ინდოეთი და ინდური ლეგენდის მიხედვით შექმნილი ლუდვიგ მინკუსის დადგმა ცოცხლდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ინდოეთი და ინდური ლეგენდის მიხედვით შექმნილი ლუდვიგ მინკუსის "ბაიადერა" ცოცხლდება.

"ბაიადერა" - ქორეოგრაფიული გადაწყვეტა, სადაც მუსიკა ჰარმონიულად ერწყმის მოძრაობას. ამ დადგმის მთავარი გმირი კი 24 წლის გიორგი ფოცხიშვილია. მას ქართულ სცენაზე იშვიათად ვხვდებით. ვირტუოზული ტექნიკით, ძლიერი და დახვეწილი მანერებით მან მეომარი სოლორის პერსონაჟის როლი მოირგო, რომელსაც წლების განმავლობაში "ცეკვის ღმერთად" წოდებული, ვახტანგ ჭაბუკიანი ასრულებდა.

სხეულის ენით მოყოლილი ამბავი ორ მოქმედებად, მარადიულ სიყვარულზე, შურისძიებასა და ბედისწერაზე. "ბაიადერას" მსოფლიო პრემიერა 1877 წელს სანკტ-პეტერბურგში შედგა. მაშინ, ბალეტის წარმატება არა მხოლოდ დეკორაციებმა და კოსტიუმებმა, არამედ ქორეოგრაფიული ნომრების მრავალფეროვნებამაც განაპირობა. დღეს კი "ბაიადერას" მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრის რეპერტუარში ნახავთ.

კრიტიკოსების აზრით, "ბაიადერას" ყველა სხვა საბალეტო დადგმისგან, უნიკალურ მუსიკაზე აგებული სახასიათო ცეკვა გამოარჩევს.

ავსტრიელი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ბალეტი ქართველმა მაყურებელმა პირველად 1912 წელს ნახა, მოგვიანებით კი ვახტანგ ჭაბუკიანმა საკუთარი ვერსია შექმნა.

განახლებული ბალეტის ლიბრეტო ნინო ანანიაშვილმა მარიუს პეტიპას კლასიკურ-ქორეოგრაფიული ვერსიის მიხედვით, ალექსეი ფადეევიჩთან ერთად დადგა.

საჩუქარი ქართველ მაყურებელს "თბილისის ბალეტის ფესტივალის" ფარგლებში - "ბაიადერამ", რომელსაც გამორჩეული ადგილი აქვს მსოფლიო ბალეტის ისტორიაში, სრული ანშლაგით, უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.

ფესტივალის დასრულებამდე, წინ, კიდევ ერთი წარმოდგენაა, რის შემდეგაც, მაყურებელი საბალეტო დღესასწაულს მომდევნო ზაფხულამდე დაემშვიდობება.

დღის ამბები