19 აგვისტო 2026,   22:34
ვრცლად
"საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე" - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ, მინისტრი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე, რომელიც დებატების ფარგლებში მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეხება.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს რეგიონულ როლზე, ქვეყნის გამოცდილებასა და პროექტებზე.

"დღესდღეობით, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას და უზრუნველვყოთ, რომ არავინ დარჩეს პროცესს მიღმა. ძვირფასო კოლეგებო, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე.

აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა - 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში - საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა. საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნეს გარემო განაპირობებს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში "ბიზნესისთვის მზაობა" - საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. საქართველო მომავალშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან. განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს. მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს. საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის," - განაცხადა მინისტრმა.

ესპანეთში მიმდინარე ღონისძიებას 70 ქვეყნის ლიდერი ესწრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები