ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მსოფლიო მოდისა და კულტურის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება იმართება. ტრადიცია არც წელს დაირღვა. 5 მაისის საღამო ძვირადღირებული კოსტიუმების გამოფენას მიეძღვნა.
Met Gala 2025 გრანდიოზული, ექსტრავაგანტური, გლამურული და დასამახსოვრებელი იყო.
წელს ტრადიციული წითელი ხალიჩა ლურჯმა შეცვალა - სიმბოლური ფერითა და ყვავილებით გაფორმებულ ხალიჩაზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი.
თითოეული მათგანის ჩაცმულობას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ერთ კონკრეტულ იდეას ემსახურებოდა.
საღამო კულმინაციური იყო. Met Gala-ს ხალიჩაზე ორი ათეული წლის შემდეგ პირველად, დაიანა როსი გამოჩნდა.
81 წლის ლეგენდარული მომღერალი აუდიტორიის წინაშე მანტიით გაფორმებული თეთრი კაბით წარსდგა.
ყოველ წელს Met Gala-ს ღონისძიება კონკრეტულ თემას ატარებს, რომელიც ცერემონიას და დრესკოდს განსაზღვრავს, სწორედ ამ თემატიკის ირგვლივ იქმნება სამოსი, რომელსაც ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩაზე წარადგენენ.
წელს მოდის ყველაზე მასშტაბურ წვეულებაზე ხაზი აფროამერიკელი მამაკაცების სტილის ისტორიას გაესვა, ევოლუციას მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე.
ღონისძიების დრესკოდი კი საკმაოდ თავისუფლად ჟღერდა - "შენზე მორგებული", რაც სტუმრებს კრეატიულობასთან ერთად ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებას აძლევდა.
წვეულების მთავარი მასპინძელი ტრადიციულად, Vogue და მისი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გახლდათ, ცერემონიის თანაორგანიზატორები ლუის ჰამილტონი, ფარელ უილიამსი და კოლმან დომინგო იყვნენ.
ყველაზე ვარსკვლავურ წვეულებას საკულტო კაბებითა და კოსტიუმებით თითქმის ყველა ცნობილი სახე იყო ესწრებოდა.
მედიის შეფასებით, ნიკოლ კიდმანის ლურჯ ხალიჩაზე გამოჩენა იმის ნიშანი იყო, რომ მსახიობი მოდის ექსპერიმენტებისა და თვითგამოხატვისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.
Met Gala-ზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ მაილი საირუსიც დაბრუნდა, ყველაზე გახმაურებულ და გავლენიან მოდის გამოფენაზე არტისტის ჩაცმულობა საუკეთესოდ შეფასდა.
კამერების წინ პოზირებდა ლანა დელ რეი, რომელიც ალესანდრო მიკელეს დიზაინით შექმნილი "ვალენტინოს" კაბით გამოჩნდა.
"გრემის" 2025 წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში გამარჯვებული რეპერი დოუჩი მეტ გალას ღონისძიებას პირველად ესწრებოდა, როგორც თავად აღნიშნა, საკუთარი ჩაცმულობით ხაზი აფროამერიკელების სტილის მიმართ პატივისცემას გაუსვა.
ძვირადღირებული კოსტიუმირებული ღონისძიების მთავარი მისია ქველმოქმედებაა, Met Gala-ს ცერემონია გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იმართება და ყოველწლიურად ადასტურებს, რომ მოდას მსოფლიოში სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის გავლენა აქვს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი