28 აგვისტო 2026,   21:58
ვრცლად
"იმდენად "უყვარდა" საქართველო, რომ სეპარატიზმს აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში და მათ წარმომადგენლებს კონფერენციებს უმართავდა" - არჩილ გორდულაძე გერმანიის განათლების მინისტრზე

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილების პასუხად, "ქართული ოცნება" გერმანელ მინისტრს აკრიტიკებს. 

მათი თქმით, ჯემ ოზდემირი, რომელიც ადრე ევროპარლამენტარი "მწვანეთა პარტიიდან" იყო, ოკუპირებულ აფხაზეთთან კავშირებს ამყარებდა და ამით დე ფაქტო ხელისუფლებას ახალისებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამის მაგალითია წლების წინ ევროპარლამენტში გამართული მოსმენა, სადაც გერმანელმა მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთიდან დელეგაცია მიიწვია.

"ეს არის განათლების მინისტრი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს თანამდებობას, ადამიანი, რომელიც 2008-2009 წლებში, როდესაც ის იყო "მწვანეთა პარტიიდან" ევროპარლამენტის წევრი, განსაკუთრებული "სიყვარულით" გამოირჩეოდა საქართველოსა და ქართველების მიმართ, იმდენად "უყვარდა" საქართველო, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო არ აღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ აღიარებულიყო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ეს ადამიანი სეპარატიზმს აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში, სეპარატისტულ ძალებთან თანამშრომლობდა, მათ წარმომადგენლებს კონფერენციებს უმართავდა, იწვევდა სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.

ეს არის მისი "სიყვარული" და ამ "სიყვარულიდან" გამომდინარე, ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათლების სამინისტროსთან არ ითანამშრომლოს. ზუსტად ეს არის მაგალითი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე განცხადებებს აკეთებენ, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სიძულვილითაც კი არიან ზოგადად, ქართველებისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ განწყობილნი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას აჩერებს.

დღის ამბები