ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერების გამოცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ადგილობრივების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.
"იმედი გვაქვს, რომ რეგიონი კიდევ უფრო გამოცოცხლდება და შესაბამისად ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა ნატალია კვაჭანტირაძემ.
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.
მესტიის აეროპორტში მშენებლობის ვადა 24 თვე, თელავის აეროპორტში კი 21 თვეა.