ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი, რომელიც მმართველ გუნდს ხშირად რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, თავად რუსეთის ფედერაციის ხშირი სტუმარია. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიციის რიგებში ხშირად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიტყვით რუსეთთან დაკავშირებულ ყველაფერს ამორალურს უწოდებენ, საქმით კი საპირისპიროს ამტკიცებენ.
"პრაიმ ტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეონა ბაღდავაძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში 3-ჯერ იმყოფებოდა. პირველად ომიდან 3 წლის შემდეგ. რატომ არ აღმოჩნდა ოკუპაცია რუსულ ვოიაჟებზე უარის თქმის საფუძველი - ამის გარკვევა "პრტაიმტაიმმა" თავად თეონა ბაღდავაძესთან სცადა, თუმცა ოპოზიციის აქტივისტმა "პრაიმ ტაიმთან" თანამშრომლობაზე უარი თქვა, არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს უპასუხა, მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ რუსეთს სტუმრობდა, თან არაერთხელ.
მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების რუსოფობიულ კამპანიაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების ე.წ. უკონტროლო მიგრაციაზე საუბრის მთავარი მიზანი ქვეყნის რეპუტაციას შელახვა და საქართველოს ეკონომიკური დაზიანებაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ანტირუსული ნარატივი მათი ოპონენტებისთვის აქტუალური არა 2008 წლის აგვისტოს ომის, არამედ 2022 წლიდან გახდა.
იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ გამშვები პუნქტიდან რუსების უკონტროლო მიგრაცია ხდება. ამ მესიჯის გასაჟღერებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარიალის ხეობაში ჩასვლაც არ დაიზარეს.
სააკაშვილის გუნდის წევრებს, "ქართული ოცნებიდან" მათივე პარტიის ერთპიროვნული ლიდერის წარსული დღეს კიდევ ერთხელ გაახსენეს - 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში ცალმხრივად გახსნილი სავიზო რეჟიმი და საზღვარზე რუსი ტურისტების დასახვედრად მისული სააკაშვილი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ანტირუსული კამპანია მორიგი უცხოური დირექტივაა, რომელიც რეალურად ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, მაშინ, როცა ოპოზიცია ე.წ. უკონტროლო მიგრაციაზე საუბრობდა, ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტის "ლარსის" გავლით საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნიდან კი უფრო მეტი, 61 691 პირი გავიდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე