30 აგვისტო 2026,   19:53
ვრცლად
სერბეთი რატკო მლადიჩის ცხედრის სამშობლოში გადასვენების შესახებ ჰააგიდან ინსტრუქციებს ელოდება - მას გენოციდის და ომის დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

სერბეთი ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი მეთაურის, რატკო მლადიჩის ცხედრის სამშობლოში გადასვენებისა და დაკრძალვის საკითხებზე ჰააგიდან ინსტრუქციებს ელოდება.

მლადიჩი, ხუთშაბათს, ჰააგაში, გაეროს საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა. მას 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დროს ჩადენილი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და ომის დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, სასამართლომ გასულ კვირას, მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, მისი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"მათ არ მისცეს სერბეთში სიკვდილის საშუალება, სადაც მას სურდა. ეს არის არაცივილიზებული ქცევა, რომელსაც არც პრეცედენტი აქვს და არც გამართლება", - აღნიშნა მედიასთან სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩის თქმით, თუ მლადიჩის ოჯახი მის სერბეთში დაკრძალვას მოისურვებს, ხელისუფლება დაკრძალვის ღირსეულად ჩატარებას უზრუნველყოფს.

პარალელურად, სასამართლომ მლადიჩის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება დაიწყო. საქმის ზედამხედველად დანიშნულმა მოსამართლემ, დღეს, დაკავების იზოლატორში, დაახლოებით სამი საათი გაატარა, თუმცა ამ დრომდე ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები