29 აგვისტო 2026,   09:28
ვრცლად
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო წირვას ბარაკონის ტაძარში დღეს პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

მარიამობის დღესასწაულზე ბარაკონის ტაძარში ხალხმრავლობა უკვე საუკუნოვანი ტრადიციაა. რაჭა ამ დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ყველა ოჯახში მზადდება ტრადიციული სუფრა, მაგრამ დღე აუცილებლად სალოცავში იწყება.

სადღესასწაულო წირვა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა აღავლინა, რაჭველებთან და რაჭის სხვა სტუმრებთან ერთად წირვას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

მარიამობა იზეიმეს ადგილობრივებმაც და სიხარულით უმასპინძლეს სტუმრებს, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

რაჭაში უკვე მეორე დღეა დღესასწაულია, გუშინ ამბროლაურში თითქმის 40 წლიანი ტრადიციის მქონე "ფუძეობა" აღინიშნა. დღე, რომელიც საკუთარ ფესვებთან, წინაპრების ტრადიციებთან და მშობლიურ კერასთან დაბრუნების იდეას უკავშირდება. გუშინდელი დღის მთავარი გზავნილი იყო - "დაუბრუნდი შენს ფუძეს". დღის კულმინაციაც წარმატებული ფუძით რაჭველების დაჯილდოვება იყო.

"ფუძეობა" რაჭაში, როგორც წესი, აგვისტოს ბოლოს აღინიშნება. წელს ეს დღეობა მარიამობის დღესასწაულს დაემთხვა და ადგილობრივების თუ რაჭის სტუმრებისთვის უბრალო კალენდარული თარიღები არ ყოფილა - ეს იყო რწმენის, ტრადიციის და სტუმარ-მასპინძლობის 2 დღიანი ზეიმი.

დღის ამბები