მეპატრონის ნებართვით პოლიციამ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღო. ნარკოტიკი ერთ-ერთ ოთახში, სამკაულების შესანახ ყუთში იყო დამალული.
ბინის მეპატრონის თქმით, რამდენიმე დღის წინ მას ლატვიის მოქალაქეები დაუკავშირდნენ და სახლი 10 დღით იქირავეს. მოგვიანებით გაარკვია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.
სანამ პოლიცია ნარკოდანაშაულის დამადასტურებელ ნივთმტკიცებებს ნაქირავები ბინიდან ამოიღებდა, მანამდე მათ წყვილი ქუჩაში გადაამოწმეს. ჩხრეკისას მამაკაცს ჯიბეში და ავტომობილში "მეთადონი" ჰქონდა დამალული. ნარკოტიკი დაფასოებული და გასაყიდად იყო გამზადებული. "კურიერის" ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები ე.წ. დამდებები იყვნენ. პოლიციამ მითითებულ 2 ადგილას, სამალავებში დატოვებული ე.წ. ფაქტიც ამოიღო.
46 წლის მამაკაცს და 44 წლის ქალს გამოძიება ნარკოტიკების რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონთან ერთად, დაკავებულებს ბინაში ნარკოტიკების სარეალიზაციოდ გასამზადებელი მოწყობილობებიც ჰქონდათ.
თბილისში ნარკოტიკების გავრცელების კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს სამართალდამცველებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაყიდად გამზადებული მეთადონი და ალფა-პვპ ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი.