29 აგვისტო 2026,   02:07
ვრცლად
დატბორილი ეზოები, ჩახერგილი გზები და მეწყერი - ბაღდათში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

მეორე დღეა ბაღდათში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. 10 ადმინისტრაციულ ერთეულში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, საგზაო ინფრასტრუქტურა, დიდი რაოდენობის ქვაღორღმა კი ხიდები და კერძო საკუთრებები დააზიანა. ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ტარდება გაწმენდითი სამუშაოები.

სოფელი ნერგეეთი ერთ-ერთია სტიქიის ზონაში, სადაც ვითარება რთულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ძლიერად წვიმდა, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა, ქვაღორღმა კი სოფლის გზები და საცხოვრებელი სახლების ეზოები ჩახერგა.

სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა. ნაშალმა მასალამ რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. ჩახერგილი გზებისა და ეზოების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დაფენილშიც. სხვა სოფლების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის ცენტრშიც. ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა. რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, მოგვიანებით კი ბაღდათში მიმდინარე ის ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა, რომელიც ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. მინისტრის თქმით, სტიქიამ პრობლემები შექმნა, თუმცა პროექტი კონტრაქტორის მხრიდანაც არაკეთილსინდისიერად სრულდება, რაზეც უკმაყოფილება ადგილზევე გამოთქვა.

ძლიერი წვიმის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის 600-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, 1 200-ზე მეტ ოჯახს კი გაზმომარაგება ჰქონდა შეწყვეტილი. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები დილიდან დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა. ზარალს შესაბამისი კომისია დათვლის.

დღის ამბები