28 აგვისტო 2026,   21:58
ვრცლად
"სჯობდა, ოპოზიცია აქ იყოს, მაგრამ ამას უკვე ოპოზიცია აღარ ჰქვია - ესაა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა, რევოლუციონერთა ჯგუფი" - გიორგი ვოლსკი

"სჯობდა რასაკვირველია, რომ ოპოზიცია იყოს აქ, მაგრამ ამას ოპოზიცია აღარ ჰქვია უკვე, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა, რევოლუციონერთა ჯგუფი და კიდევ საკითხავია, სჯობდა თუ არა მათი მონაწილეობა საერთოდ ამ პროცესში", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის არ მიღება შეაფასა.

"ყველამ იცის, რომ არჩევნები არა თუ არ გაყალბებულა, იმ საერთაშორისო საშუალო დონის სტანდარტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. მოგონილი თემაა იმასთან დაკავშირებით, რომ არის არჩევნები გაყალბებული - ეს მთლიანად უარყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებმა, რომლებსაც ეკითხებიან საერთოდ, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ არ ჰკითხოს და გადაიტანოს პროცესები ქუჩაში. ეს საქართველოსთვის არის ცუდი", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილის სასარგებლოდ, ხმა 224-მა წევრმა მისცა.

პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. შესაბამისად, არ აღიარებენ დღეს გამრთულ არჩევნებსაც. 

 

 

დღის ამბები