29 ივნისი 2026,   15:51
ვრცლად
მომავალი კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება... გამარჯვებას ვუახლოვდებით - ზელენსკი

დილით ოკუპანტები თავს დაესხნენ ქალაქ კუპიანსკის ცენტრს - განადგურებულია სახლები და ავტომანქანები. ღამით იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე. დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. დაიბომბა სუმის ოლქის საზღვრისპირა დასახლებებიც.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე ახდენს. ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველემა რამდენიმე მიმართულებით მტრის 58 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კი ბახმუტი და მარინკა რჩება.

სამძებრო სამუშაოები დასრულდა უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქალაქ უმანშიც, სადაც თავდასხმას 28 აპრილის დილით 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტი სამაშველო ოპერაციებში მონაწილეებს მადლობას უხდის. 

"სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უმანში დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარა გადარჩენილ ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი იმაზე, რაც გააკეთა. ვინც ასეთ სარაკეტო თავდასხმებს ამზადებს, არ იცის, რომ მკვლელობის თანამონაწილე ხდება - ნებისმიერი, ვინც უშვებს რაკეტებს, მართავს თვითმფრინავებს და გემებს ტერორისთვის, ყველა უნდა დაისაჯოთ.

უმანზე ამ თავდასხმას ექვსი ბავშვი შეეწირა, სულ 23 ადამიანი დაიღუპა... ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს!

მომავალი კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანობისთვის ჩვენი ბრძოლის თვალსაზრისით. ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს პარტნიორების შემდგომი კონსოლიდაციისთვის, რათა რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალი შეიქმნას და ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება დაჩქარდეს. ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებს ტერორისტების თავდაცვით ინდუსტრიაში ჩართული პირებისა და კომპანიების და უცხოური სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ამ აგრესიის გაფართოებაში ეხმარებიან. ერთად ვუახლოვდებით განაჩენს ბოროტი სახელმწიფოსთვის . გამარჯვებას ვუახლოვდებით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები