თბილისში "ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი" გაიხსნა, რომლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან.
ტრენინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან ერთად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს და მისი მდგრადი განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ინგა ფხალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვასა და მდგრადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მდგრადი ჰიდროენერგეტიკის ძირითად პრინციპებს, ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს, შეფასების მეთოდოლოგიას, ანგარიშგების ფორმატებს, ასევე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, განსახლების, კომუნიკაციისა და კონსულტაციების საკითხებს შეისწავლიან.
ტრენინგი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის ალიანსის, საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის ასოციაციისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობით იმართება.