29 ივნისი 2026,   17:20
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლით ევროკავშირის რეპუტაცია შეიძლება გამოსწორდეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველოს შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში ესკალაციის შემცირებას, ისე ევროკავშირის იმ დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორებას, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში "პროევროპულ ძალებად" წოდებული ჯგუფების მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის გამოა მიყენებული.

მისივე თქმით, დღეს სიძულვილის ენა ქართველი ხალხისთვის პროევროპელობასთანაა ასოცირებული.

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს ბევრ რამეს. პირველი, გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის, პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზეა გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყველანაირი ღია დისკუსია. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისა და უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ იყოს წაქეზება ესკალაციის, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციისა. მეორე, რასაც ეს მოიტანს არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია ამით ცოტათი შეიძლება გამოსწორდეს. დღეს, სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან. ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი, ვინც იბრალებენ პროევროპულობას, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. რაც ზიანდება ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ასე რომ თუკი ევროკავშირს არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყების, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, რომ დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ რა სურთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები