თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრიდან მეათე დღეა. მიუხედავად ამისა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნას მაინც ახერხებენ. ჰათაის პროვინციაში ქალისა და მისი 2 შვილის, ქალაქ ანთაქიაში კი - ერთი მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა.
უცვლელია თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა - და ის 41 ათასს აჭარბებს. მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
ამავე დროს თურქმა სამართალდამცველებმა დამატებით 15 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ დიარბაქირში ჩამონგრეულ შენობებთან კავშირი ჰქონდათ. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.