სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლის გეგმა - მმართველი გუნდი ე.წ. არაბიზაციის კამპანიაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უცხოური ძალების დავალებით, გარედან დაფინანსებული ჯგუფები მრავალ მილიონიანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლას ცდილობენ. "ქართულ ოცნებაში" Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის გარდა, იხსენებენ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროტესტს, როდესაც რადიკალურმა ჯგუფებმა მიზანს მიაღწიეს და ქვეყანას 400 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.
"ქართულ ოცნებაში" საუბრობენ სტატისტიკურ მონაცემებზეც და ამბობენ, რომ ქვეყნის ე.წ. არაბიზაციის საფრთხე სრული სიცრუეა. ამას კი ადასტურებს საქართველოში ეთნიკური მოსახლეობის მაჩვენებლიც, რომლის მიხედვითაც 7 არაბული ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში მხოლოდ 0,3 მეათედი პროცენტია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "იგივე ჯგუფი, ვინც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით."
"შემადგენლობას იმ ჯგუფისა, ვინც ჩართული არის ამ კამპანიაში, თუ შევხედავთ მიზნებს ამ ჯგუფისა, თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს "ნამახვანჰესი 2 კამპანია." როგორც მაშინ მიზანი იყო ჩაშლილიყო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტი და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს და ჩაშალეს. არა მხოლოდ 400 მილიონი დოლარის კომპენსაცია არის ის ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს და მართალია გასაჩივრებულია ჯერ და ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, არამედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას მიადგა ზიანი ნამახვანჰესის ყალბი კამპანიით, გარედან მართული კამპანიით.
ახლაც ვხედავთ, რომ აბსურდული არგუმენტებით, მაშინაც ზუსტად მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, მაშინაც იყო ზუსტად ერთობა "ალტ-ინფოსი "და "ნაცმოძრაობის" და დღესაც იმავეს ვხედავთ, რომ "ალტ-ინფო," "ნაცმოძრაობა" ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს არის განმეორება ნამახვანჰესისა, თუმცა განსხვავებით, მაშინ 2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა სამწუხაროდ ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილ ამ კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო, რომელიც და იმ დაფინანსებისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერი არის, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია.
ახლაც ვხედავთ, ყველა მედიაში ჩანს, რომ იგივე ჯგუფი, ვინც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს "ნამახვანჰეს 2-ს" ამ პროექტთან დაკავშირებით - "ალტ-ინფო, "ნაციონალური მოძრაობა, "ენჯეოები." ეს სამი ძალის ჯგუფის ერთობა იყო მაშინაც და არის ახლაც, რასაც ვუყურებთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.