07 ნოემბერი 2026,   13:05
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი: ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნა

დარბევა, განსხვავებული აზრის დევნა, დაშინება - ესაა ახალაიების, სააკაშვილისა და მათი რეჟიმის ხელწერა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2007 წელის მოვლენებიდან 19 წლის გასვლას.

როგორც ირაკლი ჭეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა დაშინების პოლიტიკის გატარება სწორედ 7 ნოემბრით დაიწყო. 

"ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანია "იმედის" კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნა. მერე იყო 26 მაისი, 2008 წლის 8 აგვისტო და ასე შემდეგ.

7 ნოემბერი არის ხელწერა, რითაც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, დაშინების პოლიტიკის გატარება საქართველოში. ამის შემდეგ ყველას გვახსოვს, ყველა მომდევნო აქცია როგორ ირბეოდა. ყველას გვახსოვს კარგად, რუსთაველზე როგორ დასრულდა 26 მაისის აქცია - დარბევით და მსხვერპლით და ესეც მორიგი ხელწერაა ახალაიების, სააკაშვილის და მათი რეჟიმის," - აცხადებს ჭეიშვილი. 

7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. 2007 წელს, ზუსტად ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა.

აქციის დარბევის და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

დღის ამბები