06 ნოემბერი 2026,   21:59
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განხილულია - საკანონმდებლო ინიციატივის მიზნად საარჩევნო კოდექსის დახვეწა დასახელდა

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განხილულია. პარლამენტის რეგიონული და იურიდიული კომიტეტების წევრებმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს. ცვლილებები კოლეგებს დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. საკანონმდებლო ინიციატივის მიზნად საარჩევნო კოდექსის დახვეწა დასახელდა. ცვლილებების ავტორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება.

შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესის დაზუსტებაზე, შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემცირებულ ვადებზე და საკანონმდებლო პაკეტში გაწერილ სხვა სიახლეებზე დეტალურადაა საუბარი ცვლილებების განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა არ ზღუდავს საარჩევნო სუბიექტების უფლებებს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების მხრივაც დროის გაჭიანურების შესაძლებლობას ამცირებს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. გიორგი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ შეთავაზებული სიახლე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გასაჩივრების შესაძლებლობას ზღუდავს.

ტყუილი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა საკანონმდებლო ცვლილების ავტორისთვის იმის მტკიცება, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით გასაჩივრების უფლება იზღუდება. დავით მათიკაშვილის განცხადებით ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა ის მთავარი მექანიზმი რჩება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს და მის წარმომადგენელს სამართლებრივი რეაგირებისთვის სჭირდებათ.

საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატშიც განიხილავენ და სამი მოსმენის შემდეგ ცვლილებებს საბოლოოდ მიიღებენ.

პროექტით არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მეტ მოქნილობას.

დღის ამბები