ბაქოში, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
მორგოშია გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრებს, საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და სლოვაკეთის ინვესტიციების და რეგიონული განვითარების სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა.
"ვისაუბრეთ ინოვაციური სერვისებისა და ადმინისტრაციული პროცესების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას. პარტნიორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს იმ ინოვაციურმა პროექტებმა, რამაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა," - განაცხადა ლანა მორგოშიამ.
კომენტარი გააკეთა გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (UNCEPA) 25-ე სესიის თავმჯდომარე, როლფ ალტერმა.
"ეს იყო ინტენსიური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი საერთო ხედვა აღმოვაჩინეთ. განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მრავალმხრივი თანამშრომლობა. ერთიანი მოქმედება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად გაცილებით დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე დაყოფა, იზოლაცია და პოლარიზაცია" - აღნიშნა როლფ ალტერმა.