06 ნოემბერი 2026,   21:59
ვრცლად
საფრანგეთის ქუჩებში 1 600 000 ადამიანი გამოვიდა, რაც ბოლო წლების უპრეცედენტო რაოდენობაა - საფრანგეთის მსგავსად, საპროტესტო აქციები ევროპის არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს

დაპირისპირება გამთენიისას დაიწყო. პროტესტის მონაწილეებმა ლიცეუმების, უნივერსიტეტების და საჯარო დაწესებულებების ბლოკირება სცადეს, ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს მუნიციპალურ ინვენტარს. საპასუხოდ, ქუჩებში 70 000 პოლიციელი, ჟანდარმი და სპეცრაზმელი მობილიზდა. ძალოვნებმა ცრემლსადენი აირი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შედეგად, სხვადასხვა დაზიანება ასობით მოქალაქემ მიიღო.

შეტაკებები მიმდინარეობს პარიზში, ლიონში, რენში, ლილში, სტრასბურგსა და მარსელში. ძალოვნები დემონსტრაციების დაშლისას ალყაში მოქცევის ტაქტიკას იყენებენ. პროცესს ვერტმფრენებისა და დრონების საშუალებით მართავენ. ქუჩებში მოქალაქეებს ჩხრეკენ და აკავებენ. საპატიმროში ხანძრის გაჩენის, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობის, სხვისი ქონების დაზიანებისა და ვანდალიზმის ბრალდებებით კიდევ 448 პირი გადაიყვანეს.

ქვეყანაში მიმდინარე არეულობისა და ძალადობის ფონზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიცია ძალადობას არ ემიჯნება, რადგან ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს.

სხვადასხვა მონაცემებით, ქუჩებში 1 600 000 ადამიანი გამოვიდა, რაც ბოლო წლების უპრეცედენტო რაოდენობაა. მოსწავლეების, სტუდენტების, პროფკავშირებისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნებს შორისაა: საჯარო სერვისების, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა, პოლიციური და სასამართლო რეპრესიების შეწყვეტა, მინიმალური ხელფასის ზრდა, ასევე მსხვილი ბიზნესისა და მდიდარი მოქალაქეების დაბეგვრა. პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვისა და მიტინგების შეწყვეტას არ აპირებენ.

საფრანგეთის მსგავსად, სოციალური მოთხოვნებით საპროტესტო აქციები ევროპის არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს. ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში სტუდენტები, მოსწავლეები და მასწავლებლები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის სკოლებისა და უნივერსიტეტების არასაკმარის დაფინანსებას, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აპროტესტებენ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები