ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს.
მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის," "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მოწმობს პარტიების არაკონსტიტუციურობას.
"ქართული ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ, ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.
"კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია კითხვების შემთხვევაში, მოსამართლეები დასვამენ კითხვას, ორივე მხარეს, როგორც ჩვენთან, ასევე, ასე ვთქვათ, რადიკალებთან და კიდევ ერთხელ ნახავს საზოგადოება, მოხდება მათი ლუსტრაცია, ნახავს მათ სახეს. მათ არ ექნებათ არცერთი პასუხი დამაჯერებელი, დარწმუნებული ვარ და არც არგუმენტირებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ, რაც კი შეგვეძლო 2012 წლამდე და შემდეგ, რასაც ჩადიოდნენ ეს პარტიები და როგორ აზიანებდნენ ქვეყნის იმიჯს და, ზოგადად, ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკას და ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.