ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ისრაელისთვის განკუთვნილი აშშ-ის ყოველწლიური სამხედრო დახმარება - 4 მილიარდი დოლარის ოდენობით შეწყდება.
"ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება ყოველთვის იყო საკითხი, რომელზეც ორივე პოლიტიკური პარტია თანხმდებოდა," - აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკულმა მხარდაჭერამ ისრაელს იმ მტრებთან გამკლავებაში შეუწყო ხელი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ებრაულ სახელმწიფოს, არამედ თავად ამერიკასა და დასავლეთსაც.
ნეთანიაჰუს ოფისი ტრამპის გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებს, პირიქით, ისინი ამ ცვლილებას "დახმარებიდან პარტნიორობაზე" გადასვლად წარმოაჩენენ. ამავდროულად კი ხაზს უსვამენ ისრაელის ძლიერ ეკონომიკასა და ვაშინგტონთან ურთიერთობების განვითარებას.
ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ამერიკის "ნომერ პირველი" მოკავშირეა, თუმცა ქვეყანას ფინანსური მხარდაჭერა აღარ სჭირდება.